28 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
ღიად უნდა ითქვას, რა იგულისხმება ცვლილებებში - არასამთავრობოები ცილისწამების შესახებ კანონზე

ცილისწამების შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს და პარლამეტის თავმჯდომარეს მეტი ინფორმაციის გახმაურებისკენ მოუწოდებენ. 

მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ ბუნდოვანია, რა ცვლილებებზე საუბრობენ სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე. მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე იციან, თუ რა მიმართულებით შევა კანონში ცვლილებები, თუმცა, ამას არ ახმაურებენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცილისწამების შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილებები დამატებით განმარტებას საჭიროებს. სალაძე მოუწოდებს ზურაბიშვილს და კობახიძეს, რომ უფრო დეტალურად განმარტონ, რა იგულისხმება ცვლილებებში.

„მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ამ თემაზე საუბრობს, ღიად უნდა თქვას, თუ რა იგულისხმება ამ ცვლილებებში. ამ დრომდე ჩვენ მხოლოდ ვისმენთ ზოგად განცხადებებს, თუმცა, ეს არ არის ერთჯერადი განცხადებები. პარლამენტის თავმჯდომარემაც არა ერთხელ აღნიშნა, პრეზიდენტმა როგორც საახალწლო სიტყვაში, ასევე პრესკონფერენციაზე, სულ რამდენიმე დღის წინ, დააფიქსირა იგივე მოსაზრება, თუმცა, არცერთი მათგანი არ მიდის ამ განცხადებებს მიღმა, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ტიპის მოსაზრებები, მონახაზი არსებობს თუ რა ტიპის ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი, ოღონდ ეს არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი განმარტავს, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

ძველიშვილი ამბობს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში თავი დაიცვას.

„არასწორია საზოგადოებისთვის ინფორმაციის ისე მიწოდება, თითქოს, ცილისწამება რეგულირების მიღმა არის დარჩენილი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება იმიტომ, რომ თუკი არასწორი ფაქტი გავრცელდა რომელიმე მოქალაქის, იქნება ეს საჯარო თუ კერძო პირი, მას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუკი ხელისუფლებას სურს, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში იყოს დაცული, მას არ სჭირდება დამატებითი მექანიზმი, დამატებითი საკანონმდებლო ცვლილება და არსებული რეგულაციების გამკაცრება,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

დღესვე კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მკაფიო განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები