იურიდიული კომიტეტის წევრებმა რეგლამენტის თანახმად, დღეს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ. ამ პოსტის დაკავებას ამჯერად დავით მათიკაშვილი შეეცდება.
მისი წინამორბედი, გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობამ 2 დღეში გადაირჩია და ამის მიზეზად ფოფხაძის არჩევის დროს პროცედურული დარღვევები დასახელდა.
კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიღებენ. საპარლამენტო უმცირესობა კომიტეტის სხდომას დასწრება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილებას არ აპირებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ოპოზიციური ფრაქცია შიდა თანამდებობრივ დაპირისპირებებში არ ჩაერევა. მისი აზრით, მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
უშუალოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს კი დეპუტატები კენჭს უკვე საგაზაფხულო სესიაზე უყრიან.
დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.
გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.