იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პოსტიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე დღეს საუბარს გეგმავს. ეს ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ ეკა ბესელიას პირველი ოფიციალური განცხადება იქნება.
მედიისთვის პრესკონფერენცია პირველი საათისთვის იგეგმება. პარალელურად, მიმდინარე კვირას მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით ბესელიას ჯგუფი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებს იწყებს.
სავარაუდოდ, მოსამართლეთა სადავო სია იქნება ეკა ბესელიასა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრის მთავარი თემაც, რომელიც დღეს უნდა შედგეს.
დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.
გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.