მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება მიუღებელია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის. კახა კალაძის განმარტებით, ყველა პრობლემას გუნდში დეტალურად უახლოეს პერიოდში განიხილავენ. მისი თქმით, დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ გუნდს აზიანებს.
„სამწუხაროა ის ყველაფერი, რაც ხდება. გუნდის შიგნით ეს ურთიერთობები პირადად ჩემთვის მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ, სიტუაცია დასტაბილურდეს. ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება, პირველ რიგში, აზიანებს გუნდს, რაც ძალიან ცუდია,“- განაცხადა კახა კალაძემ.
დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.
გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.