19 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უმრავლესობის შიგნით განსხვავებული მოსაზრებებია" - თალაკვაძე

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებები,“- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებელი ფორმატი, რათა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

„ჩემი, როგორც უმრავლესობის ლიდერის, ფუნქცია არის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებელი ფორმატი, მათ შორის უმრავლესობის ფორმატი, რომ მოხდეს ამ საკითხების განხილვა. ეს კონსულტაციები დაწყებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საგაზაფხულო სესიისთვის უკვე იქნება მაქსიმალურად შეჯერებული პოზიციები,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები