19 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
საგაზაფხულო სესიაზე ერთ-ერთი პირველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი იქნება - მათიკაშვილი

„საგაზაფხულო სესიაზე ერთ-ერთი პირველი საკითხი იქნება, ალბათ, ჩემი აზრით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი და დიდხანს მოვალეობის შესრულება არ გაგრძელდება,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. მათიკაშვილი კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი. თუმცა, მათიკაშვილმა დეპუტატის სხდომაზე არგამოცხადების მიზეზი არ იცის.

დავით მათიკაშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისთვის საჭირო კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს.

„ეს არის პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის გადასაწყვეტი, ჩვენ უნდა კონკრეტული რეგულაციები შევიმუშავოთ, ამაზე უკვე გააკეთა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ასე, რომ დამატებითს მე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარედ მას შემდეგ აირჩიეს, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია, რის გამოც, ბესელია პოსტიდან გადადგა. 

დღის ამბები