„კომიკური სასამართლო პროცესი იყო,“ - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაგუნდელის, დავით კირკიტაძის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს.
ნიკა მელია ამბობს, რომ დავით კირკიტაძის უდანაშაულოდ ცნობა გარდაუვალი იყო, რადგან საქმეში არ არსებობდა რეალური მტკიცებულებები.
„უსაფუძვლოც იყო და უსაფუძვლოც ის საქმე, რომელიც ახლა დასრულდა. არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა, კომიკური სასამართლო პროცესი იყო, რომელიც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში, თითქოს, კირკიტაძემ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში ტრაქტორი ათხოვა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ კერძო კომპანიას და ამით ჩაიდინა დანაშაული. წარმოიდგინეთ, აი, ეს იყო ბრალდების არსი. ყველაზე ნიშანდობლივი არის, რომ იმ საქმეზე, რომელიც ასე უსაფუძვლოდ პატიმრობა შეუფარდეს დათო კირკიტაძეს გურჯაანში, მოსამართლე აპელირებდა აი, ამ საქმეზე და თქვა, რომ დათო კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში აუცილებლად უნდა წავიდეს, ვინაიდან აი, იმ საქმეზე, რომელმაც დღეს გაამართლა დათო კირკიტაძე, აქვს დანაშაული ჩადენილი“, - აცხადებს ნიკა მელია.
საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო. დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება - გირაოც გააუქმა.