„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის უდანაშაულოდ ცნობას ეხმაურება.
უგულავას თქმით, დღეს დავით კირკიტაძე პატიმრობაში ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო მაინც რჩება.
უგულავას შეფასებით, დავით კირკიტაძეს კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული.
„ფაქტი სახეზეა, დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური იქნება იმიტომ, რომ ეს კაცი ისევ ციხეშია და წინასწარ პატიმრობაშია და არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული, ისეთი მუხლი, რომელიც ყაჩაღებს და ბანდიტებს, პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, ამიტომ მეორე მომენტიც არის აღსანიშნავი ის, რომ ეს ადამიანი, ეს მოსამართლე უვადოდ არ ინიშნება, ანუ არ წარმოადგენს იმ კლანს, რომელიც უვადო დანიშვნის ჩეკს გასცემს ხოლმე აქ სასამართლოში, ამიტომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს,“ - აცხადებს გიგი უგულავა.
საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო. დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება - გირაოც გააუქმა.