ეკა ბესელიას ღია მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უდასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. დეპუტატი ამბობს, რომ ის გუნდისგან ელის ახსნას, თუ რატომ არ შეიძლება დაიკავოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
„ჩავთვალე, რომ ეკასთან ტანდემში უფრო მეტს გავაკეთებდი, ვიდრე იქ, სადაც ვიყავი და ეს პოზიცია დაფიქსირდა. ამაზე კონსულტაციები იყო ბატონ ბიძინასთან და მე ჩემი მხრიდან შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ ბატონ ბიძინასთან პირად საუბარში მივიღე სრული გარანტიები და პირობა იმისა, რომ ეს ცვლილება მოხდება.
"ეს ფაქტი ბატონ ბიძინას ფრაქციის სხდომაზე, როცა გაწვევაზე დაისვა საკითხი, შევახსენე და ეს ფაქტია, მე ამ ფაქტს ვერ გავექცევი იმიტომ, რომ ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. მე მქონდა პირობა, რომ ეს ცვლილება განხორციელდებოდა. გუნდმა უნდა მითხრას ჩემში რა პრობლემაა, რატომ არ შეიძლება გედი ფოფხაძე იყოს,“ - ამბობს გედევან ფოფხაძე.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა. ეს ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ ეკა ბესელიას პირველი ოფიციალური განცხადებაა.