უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.
5 საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ მთავარი პრინციპი უნდა იყო შერჩევი პროცესის გამჭვირვალობა.
ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა კომპეტენტურ და კვალიფიციურ იურისტს უნდა გააჩნდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იმედის გამოთქვამს, რომ მათ მიერ შეტანილ წინადადებებს პარლამენტი უყურადღებოდ არ დატოვებს.
„მთავარი ამ 5 პრინციპში არის ის, რომ იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთხმად. ანუ, ყველა წევრმა, არა მარტო მოსამართლე წევრებმა და პარლამენტის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებთან ალიანსში მყოფმა წევრებმა მისცენ ხმა მოსამართლე კანდიდატებს. ეს ყველაფერი, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა იყოს გამჭვირვალედ, ეს პროცესი უნდა ნახოს ყველამ, იქნება ეს ზუგდიდში თუ სიღნაღში და ყველა კვალიფიციურ და კომპეტენტურ იურისტ უნდა ჰქონდეს საშუალება ღია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს ამ წინადადებებს,“ - აცხადებს ანა დოლიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იმ კრიტერიუმების შესახებ საუბრობს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, მოსამართლეების არჩევა უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება.
„თუკი იქნება ღია კონკურსი, ღია გასაუბრება, რომელიც იქნება ტრანსლირებული კომუნიკაციების სხვადასხვა გზებით, თუკი კი იქნება საერთოდ კონკურსი გამოცხადებული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ კონკურსი აქამდე არ გამოცხადებულა, და თუკი იქნება ეს 5 პრინციპი საერთო ჯამში მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ის, რომ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილები და მიქაუტაძეები მოხვდნენ სიაში. საბჭოს გაუჭირდება ასეთ ვითარებაში მიიღოს აშკარად მიკერძოებული გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნება უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო დასაბუთებული ინფორმაცია, ვიდრე ეს აქამდე ჰქონდა. მერე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ვის დაუჭერს მხარს პარლამენტი და ვის არა,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილი.
ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ არამოსამართლე წევრებს ხვდებიან, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატების სიას მხარი არ დაუჭირეს. დეპუტატ ბიძინა გეგიძის მოწვევით, პარლამენტში ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე იმყოფებიან.
საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა განაცხადა, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მიწვევა არ ჰქონია. ირმა გელაშვილი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრია, რომელმაც სადავო სიას მხარი არ დაუჭირა.