უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხი კვლავ ღიად რჩება - პოზიციები არც საპატრიარქოს და არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუფიქსირებიათ. მმართველი გუნდი პირველი ნაბიჯის გადადგმას საქართველოს საპატრიარქოს სთხოვს.
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ სახელმწიფომდე მკვეთრი პოზიცია ქართულმა ეკლესიამ უნდა დააფიქსიროს.
„მართლა გამიჭირდება ღრმა, კომპეტენტური პასუხის გაცემა ამაზე, მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაში პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას,“ - ამბობს დავით სერგეენკო.
საქართველოს ეკლესიის წევრები წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ. შეიქმნა სპეციალური პეტიცია სახელწოდებით - "უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს", სადაც განმარტებულია მხარდაჭერის მიზეზები.
პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ხელისუფლებას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს დღეს ოპოზიციის ლიდერებმაც.