19 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
განმსაზღვრელი უნდა იყოს ჩვენი ეკლესიის პოზიცია - საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მილოცვა/არმილოცვაზე 

საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინისთვის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას ელის.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ტომოსის გადაცემა და ავტოკეფალიის მინიჭება ეკლესიებს შორის ურთიერთობაა და ამაში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს.

საკითხის შეფასებისას საქართველო-უკრაინის მეგობრობაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ჟორჟოლიანი. თუმცა, ისიც, სხვების მსგავსად, კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

დეპუტატის განმარტებით, მთავრობა უკრაინელი ხალხის თავისუფლებას მხარს უჭერს, საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება კი სწორედ საპატრიარქოს პრეროგატივაა.

„ჩვენ, რომ უკრაინას და უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლას და რუსეთთან მიმართებაში უკრაინის პოზიციებს რომ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე  ყველა განცხადებაში და ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია ამ თვალსაზრისით ცნობილია. რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, აქ როგორც მოგახსენეთ, ვფიქრობ, რომ განმსაზღვრელი უნდა იყოს ჩვენი ეკლესიის პოზიცია. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ადეკვატური პოზიცია გამოხატა და მე არ ვერევი, არ ვაფასებ მის პოზიციას,“ - ამბობს ჟორჟოლიანი.

უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თანაგუნდელების მოსაზრებებს იზიარებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი. თუმცა, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებამ პოზიციის დაფიქსირება ქართულ ეკლესიას დაასწროს. 

„საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებამდე, თუ ჩვენს ეროვნულ ინტერესში ჯდება, რა თქმა უნდა, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება და თუ ეს უკრაინელ ხალხს რამეს მოუტანს, მაშინ შეგვიძლია, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ მყისიერად და დავასწროთ კიდევაც საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას. მაგრამ წესი ასეთი, რადგან ეს არის უფრო ეკლესიებს შორის ურთიერთობის საკითხი, ვიდრე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის საკითხი, პირველ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, სანამ იქნება პოზიცია ეკლესიის გაცხადებული, რა თქმა უნდა, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ და დავუთმოთ საპატრიარქოს, მათი პოზიცია დააფიქსიროს,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან და ტომისის გადაცემიდან უკვე 10 დღე გავიდა. თუმცა, მე-10 დღეა ამ საკითხზე უხერხულად დუმს საპატრიარქოც და ქვეყნის ხელისუფლებაც. არცერთ ოფიციალურ პირს პარტნიორი სახელმწიფოსთვის ისტორიული წარმატება არ მიულოცავს.

დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერი პეტიცია  გავრცელდა. საქართველოს ეკლესიის წევრები ​წმინდა სინოდს მიმართავენ. პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

დღის ამბები