19 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - სახალხო დამცველს პარლამენტში დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს

ნინო ლომჯარიას მოხსენება პარლამენტში - სახალხო დამცველს დეპუტატებმა საპრეზიდენტო არჩვენების დროს გამოვლენილ დარღვევებსა და გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.

რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიას ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სთხოვეს პასუხის გაცემა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, ლაშა დამენიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე შევიდა გენერალური ინსპექცია და სთხოვა, ლომჯარიას, რომ ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატმა იმუშაოს.

„ქართულმა ოცნებამ ეგ ყველაფერი განავითარა და უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა და მაგ ზეწოლამ სამწუხაროდ, მსხვერპლიც გამოიწვია ზუგდიდში, სკოლის დირექტორის. ანონიმური წერილით აღიძრა ეგ საქმე და გაგზავნილი არის, ფაქტობრივად, იმავე დღეს და ზომები მიიღეს და შევიდნენ სკოლაში შესამოწმებლად და ამ კუთხით, გთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ,“ - განაცხადა დამენიამ.

ნინო ლომჯარიამ დეპუტატის პასუხად აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის მოხსენება წარადგინა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები 2018 წლის ანგარიშში მოხვდება, რომელსაც ის პარლამენტს მარტში წარუდგენს.

თუმცა, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ია კერზაიას საქმეს სწავლობს და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ზუგდიდის სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლის შესახებ.

„ერთ-ერთი მიმართულება არის, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ ქალბატონის მისამართით, როდესაც დაიწყო საქმის შესწავლა. ასევე ვსწავლობთ, რამდენად იყო სამართლებრივად სწორი და გამართული ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, შემოწმების დაწყებასთან და შემდგომ უკვე შემოწმების განხორციელების დროს ხომ არ იყო დარღვეული კანონი და, რა თქმა უნდა, ასევე ვსწავლობთ იმას, ხომ არ არის სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნები, რომ შემდეგ მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები