ნიქაბისა და ბურკის აკრძალვის მოთხოვნა - დეპუტატი ემზარ კვიციანი ომბუდსმენისგან კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული წინააღმდეგობის განმარტებას ითხოვს.
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანისთვის გაუგებარია სახალხო დამცველის პოზიცია, რადგან დეპუტატის განმარტებით, თავად მუსლიმები არ წავიდნენ აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ.
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილებოდა ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე. წარმოდგენილი იყვნენ აქ მუსლიმები, შეიხიც იყო, მუფტიც იყო და იმათ პირდაპირ ხაზგასმით თქვეს, რომ არანაირი დისკრიმინაცია არ არის ეს ჩვენი ქალბატონების, ჩვენ არ გვაქვს ასეთი კანონი, რომ დაფარული ჰქონდეს სახე ქალბატონს. თვითონ მუსლიმები არ წავიდნენ წინააღმდეგი, მხარი დაგვიჭირეს ამ კანონზე, რომელიც უსაფრთხოებისთვის საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენმა სამინისტრომ, თქვენმა სამსახურმა ძალიან წინააღმდეგ წავიდა ჩვენი და მაინტერესებს თქვენი აზრი,“ - აცხადებს ემზარ კვიციანი.
სახალხო დამცველმა დეპუტატის პასუხად განმარტა, რომ გაეროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მუსლიმ ქალებს აეკრძალებოდათ ჩადრით გადაადგილება, ისინი უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის მეტი ნიშანი გამოიკვეთებოდა.
„გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა არის დისკრიმინაციული. ეს არის ბოლო გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ გაეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ადგენს სტანდარტს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ამ კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი წნეხი ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან, რომ ატარონ ეს ტანისამოსი და აკრძალვა გამოიწვევს არა მათი უფლებების დაცვას, არამედ მათ უფლებრივ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას, გამოიწვევს იმას, რომ ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ საჯაროდ თავისუფლად იარონ ისევე, როგორც ჩვენ შეგვიძლია და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ უფლებრივ მდგომარეობას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ემზარ კვიციანმა პარლამენტს კანონპროექტი გასულ წელს შესთავაზა, რომელიც საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენას კრძალავდა. მაშინ ომბუდსმენმა განაცხადა, რომ შესაძლოა სახის დასაფარი აქსესუარის ტარების აკრძალვა არასწორია და ამ ქალების უფლებრივ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.