უკრაინის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ელის. უკრაინაში ფიქრობენ, რომ მილოცვის გაჭიანურების ერთადერთი მიზეზი შეიძლება მხოლოდ რუსეთის ზეწოლა იყოს.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს პრესმდივანი, ალექსანდრ ტროფიმლიუკი აცხადებს, რომ რუსეთის ზეწოლის მიუხედავად ქართულმა ეკლესიამ უკრაინელებს ავტოკეფალიის მინიჭება უნდა მიულოცოს.
ალექსანდრ ტროფიმლიუკი იმედოვნებს, რომ ტომოსის გაცნობის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო სწორედ ამ ნაბიჯს გადადგამს.
„ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ველით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. როგორც იცით, 6 იანვარს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გადაწყვეტილება მიიღო და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენს მოძმე ქართული ეკლესიისგან ველით აღიარებას, რადგან ჩვენს ეკლესიების და ჩვენი ხალხის ბედიც ერთნაირია. დარწმუნებული ვარ, არსებობს დიდი ზეწოლა რუსეთის ეკლესიის და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდანაც. მაგრამ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ქართული ეკლესიისგან ველით, რომ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ელოდებოდნენ ტომოსს, მაგრამ ახლა ყველა პროცედურა უკვე გავლილია და ველით აღიარებას. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდა, მომდევნო დღეებში, ველით, რომ მომდევნო თვეებში მაინც აღიარებენ,“ - ამბობს ალექსანდრ ტროფიმლიუკი.
საქართველოს საპატრიარქოს და ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ პოზიცია უკირაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის წევრები, პირველ რიგში, ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების გამოცხადებას ელიან, რის შემდეგაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებს ასევე საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდება.