ე.წ. მოსამართლეების შავი სია და მოსამართლეთა შერჩევის ახალი კრიტერიუმების შემუშავება - იუსტიციის მინისტრი დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
მინისტრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ ეკა ბესელიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და მოსამართლის განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის ახალი კრიტერიუმების შემუშავება მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს.
„ყველა იმ აქტორთან მექნება სურვილი, ვინც უზენაესი სასამართლოს წევრების პროცესში ახალი კონსტიტუციით არის ჩართული, რომ ალბათ, დროა სიჩუმის, დროა მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების და დროა სიმშვიდის იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებების, ვნებათა ღელვისგან, ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავისუფალ გარემოში ჩვენ ყველამ შევძლოთ ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება და პარლამენტმა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მშვიდ გარემოში შეძლოს გამჭვირვალე პროცესის შედეგად შედგენილ სიას უყაროს კენჭი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა და დაპირისპირება მმართველ გუნდში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სწორედ მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის გამო დატოვა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, რის გამოც ის მწვავედ გააკრიტიკეს. ერთ-ერთი, ვინც ეკა ბესელიას ღიად დაუპირისპირდა სერგო მეთოფიშვილი იყო. მან „ოცნების“ დეპუტატს უპასუხისმგებლო და დიქტატორი უწოდა.