19 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მოსამართლეთა ე.წ. შავი სია - ეკა ბესელია არასამთავრობოებს ხვდება და შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობს 

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტერიუმების შემუშავების მიზნით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ეკა ბესელია ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.

მესამე სექტორი სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულებასა და სამუშაო ჯგუფში მათი წარმომადგენლების რიცხვის გაზრდას ითხოვს. ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფში მათ მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლებათ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე იმედოვნებს, რომ ეკა ბესელიასგან მოსამართლეთა ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალების მოისმენს.

მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევაში იღებენ მონაწილეობას, მიმართავს და სასამართლო ხელისუფლებიდან წასვლას ურჩევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ ეკასგან მოვისმინოთ ის პროცესები, რომელიც მიდიოდა კულისებში და რომელიც უკავშირდებოდა უზენაეს სასამართლოში ამ 10 ადამიანის, ამ სიის გატანას დეკემბერშივე და რომელიც თავიდან იქნა აცილებული როგორც პარლამენტის წევრთა ნაწილის, ასევე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრის აქტიური ქმედებებით. ის ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ კეთილსინდისიერების კრიზისი, რადგანაც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში პირადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვგულისხმობ, წავიდნენ სასამართლო ხელისუფლებიდან და მისცენ სასამართლოს საშუალება, რომ ის დაკომპლექტდეს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

მისი შეფასებით, კრიტერიუმების დახვეწის მიუხედავად, თუ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება, ღირსეული მოსამართლეების შერჩევის შესაძლებლობა მაინც დაბალი იქნება.

„რაც არ უნდა კარგი კრიტერიუმები უნდა დავადგინოთ ჩვენ, თუ საბჭოს ის შემადგენლობა იქნება სრული უმრავლესობით, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ღირსეულ და დამოუკიდებელ კანდიდატებს არ აქვთ შანსი, რომ გახდნენ სასამართლოს მოსამართლეები. ამიტომაც, მე მგონია, რომ ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ არა მარტო კრიტერიუმებსა და პროცესზე, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, არამედ მათ შორის, გამოსავალზეც,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

მმართველ გუნდში დაპირისპირება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას წასვლით დასრულდა, მოსამართლეთა 10-კაციან სიას უკავშირდება. ბესელია და მისი მომხრეები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები