19 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების სია - მმართველი გუნდი შერჩევის საერთაშორისო სტანდარტებზე საუბრობს

უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაუგზავნა, კვლავ განხილვისა და დაპირისპირების საგანია მმართველ გუნდში. 

ეკა ბესელია, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა სწორედ სიის შემადგენლობის გამო დატოვა, კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გადის. შეხვედრებისას მხარეები მსჯელობენ იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები უნდა გაიწეროს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ე.წ. ახლები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს. მათი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პარალელურად დაიწყება ცვლილებები, რომელიც კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

ცვლილებებს სათავეში პარლამენტის თავმჯდომარე ჩაუდგება და გადაწყვეტილებებსაც ამის შემდეგ მიიღებენ. 

„მნიშვნელოვანია, ჩვენ გავითვალისწინოთ ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელი სტანდარტებითაც განვითარებული დასავლური ქვეყნები ახდენენ მოსამართლეების შერჩევას, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი,“-ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ კონსულტაციებზე კონკრეტული კრიტერიუმები იქნება გაწერილი, რასაც შემდეგ საზოგადოებას წარუდგენენ.

 

დღის ამბები