საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ კახა კალაძეს ეთიკის ნორმები არ დაურღვევია, როცა ქალაქის მერმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მთაწმინდიდან „გამოქანებისკენ“ მოუწოდა.
ბახტაძე ამბობს, რომ მთელი საარჩევნო პერიოდი ოპოზიცია სიძულვილის ენით გამოირჩეოდა და ეს ისევ გრძელდება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ბახტაძე აცხადებს, რომ კალაძის განცხადება იუმორისტული ჟანრია და მას ეთიკის ნორმების დარღვევასთან კავშირი არ აქვს.
„კახას სიტყვებია არაეთიკური? ამის თქმა გსურთ? რომ კახას სიტყვებია არაეთიკური? - ეს კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად, რაც ჩვენ გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ესეც საზოგადოებამ კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის და იყო და იქნება, რომ ეს არის მიუღებელი, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილი განაგრძობს იმავეს. არსებობს იუმორი და იუმორი ყოველთვის არის ძალიან კარგი“-ამბობს ბახტაძე.