საქართველოსა და რუსულ უმსხვილესი ბუნებრივი აირის მწარმოებელ კომპანია “გაზპრომს“ შორის ხელშეკრულება ამოიწურა.
ვადა ხელშეკრულებას 2018 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები რუსულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის არ დაწყებულა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რუსული ენერგო გიგანტი საქართველოს კაბალურ პირობებზე დაყოლიებას ცდილობს. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი ახალი ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურებისა.
მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები, რა ეტაპზეა ან რას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება რუსული ენერგოგიგანტისგან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ უცნობია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მხოლოდ იმას, რომ საქართველო არ აპირებს სატრანსპორტო ფუნქციაზე უარის თქმას.
მამუკა ბახტაძემ ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტროს მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ჯერ არ დაუწყია, დღეს ირიბად დაადასტურა. ბახტაძემ თქვა, რომ ახალი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში უწყება საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენს სატრანსპორტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს სატრანსპორტო ფუნქციის მხრიდან და ეს იქნება ჩვენი ინტერესი. რაც შეეხება კონკრეტულ ხელშეკრულებას,
თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით. მოლაპარაკებები დაიწყება მაშინ, როდესაც იქნება ამის კონკრეტული თარიღი, დედლაინი და შეხვედრა დანიშნული. მე ვამბობ იმას, რომ საქართველო აგრძელებს თავისი ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას და შესაბამისად, იმ სარგებლის მიღებას, რომელიც დაკავშირებულია და ჩადებულია ამ სატრანზიტო ხელშეკრულებაში.
„მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი პასუხი იყოს შინაარსობრივი და ახლაც შინაარსობრივი პასუხი გაგეცით.
რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, მე შინაარსობრივ კომპონენტზე ვამახვილებ ყურადღებას, თუ გინდათ პოლიტიკურზეც გავამახვილებ. იგივე პოლიტიკური გუნდი საუბრობდა თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა. მე ვცდილობ, რომ ჩემი პასუხები იყოს შინაარსობრივი, ისეთი, როგორიც აინტერესებს მოსახლეობას.
საქართველო აგრძელებს თავის სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და შესაბამისად იმ სარგებლის მიღებას, რაც არის დაკავშირებული ამ სატრანზიტო ფუნქციასთან,“-აცხადებს ბახტაძე.