საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ელოდებოდა. ვალდებულების მიუხედავად, გიორგი ბაგრატიონი სხდომაზე არ გამოჩენილა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თბილისში ახალაშენებული კორპუსების ექსპლუატაციის თემასა და ბოლო დროს გახშირებულ უბედურ შემთხვევებზე უნდა ესაუბრათ.
„გვინდოდა გვესაუბრა გაზის აფეთქების შედეგად იქ მდგომარეობაზე, რას აპირებს მერია, რას გეგმავს შემდგომში პრევენციის მიზნით, რომ იგივე კატასტროფა აღარ განმეორდეს, მათ შორის ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხებზე, ასევე თქვენ იცით, რომ შაბათს მოხდა დიდი ტრაგედია, რომელიც მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირდაპირი პასუხისმგელობა იყო, რომელსაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამაზე მნიშვნელოვანი, ამაზე ტრაგიკული რა უნდა მოხდეს, რომ მერია მოვიდეს სასაუბროდ ამ საკითხებზე, მაგრამ მერია თვითონაც იქცევა უპასუხისმგებლოდ,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტია მზად არის, მერიასთან ითანამშრომლოს, თუმცა თავად მერიის წარმომადგენლები ამ თემებზე საუბარს გაურბიან.
„ეს არის დღევანდელი მერიის მუშაობის სტილი, როდესაც მას არა აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, კითხვები ძალიან ბევრია. ჩვენი ქალაქი გახდა კატასტროფების სავსე ქალაქად. სამწუხარო უბედურების ხმა ისმის ყოველ დღე, ფაქტობრივად. ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ მათთან და დავაყენოთ გზაზე, რომ ამ კოლაფსიდან გამოვიდეთ, მაგრამ თვითონ მერია არის ჩაკეტილი. მე არ ვიცი, შეიძლება ვთქვათ, რომ მერია არც ჰყავს და მერი არ ჰყავს ჩვენს დედაქალაქს. ეს კატასტროფაა და საზოგადოება ამაზე პასუხს ითხოვს,“ - განმარტა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.