საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრება, ოცნების დეპუტატები რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ ელიან. უმრავლესობის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებს არ აქვთ მოლოდინი, რომ შეხვედრაზე რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას და ურჩი დეპუტატების გარიცხვა მოხდეს.
ფრაქციების ლიდერები სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით გეგმავენ, რომ საკუთარი ინიციატივები წარადგინონ.
შეხვედრის დროს სასამართლო სისტემაზე მსჯელობას ელის პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი. დეპუტატი გამორიცხავს, რომ ე.წ. ურჩი დეპუტატების გარიცხვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
„მგონი, გარიცხვაზე არ იქნება აქ საუბარი, საერთოდ ამ საკითხზე არ იქნება საუბარი. მგონი, იქნება უფრო შინაარსობრივად, სასამართლოს რეფორმის საკითხი განხილული, რასაც მე მივესალმები იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა და მომავალში ამას უნდა მოყვეს ქმედითუნარიანი ნაბიჯები,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების გუნდიდან გარიცხვის მოლოდინი არა აქვს ასევე პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარეს, გიორგი გაჩეჩილაძეს.
მისი შეფასებით, ივანიშვილი ოცნების დამფუძნებლის და ძველი კადრის გუნდიდან გაშვებას არ დაუშვებს.
საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით მსჯელობას ელის პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ქვეყანაში და სწორედ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა.
თუმცა, ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ურჩი დეპუტატების განცხადებების და პოზიციის განხილვაც მოხდეს.
„რა ინფორმაციაც მაქვს, აქ არ დგას ასე საკითხი, რომ კონკრეტულად ვიღაცის გარიცხვაზე უნდა ვიმსჯელოთ. კიდევ ერთხელ ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ გავაანალიზოთ მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია. შესაბამისად, ჩვენ გვექნება მსჯელობა ყველა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხზე და განსაკუთრებით საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ ვინმეს რაიმე საკითხის დასმის სურვილი ექნება და ვინმე დააყენებს რაიმე საკითხს, ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, ხუთშაბათს შედგება. ეს იქნება პირველი შეკრება საპრეზიდენტო არჩევნების და მმართველ გუნდში არსებული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ და ივანიშვილი ე.წ. ურჩი დეპუტატების საკითხსაც განიხილავს.