ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. ასამბლეამ კენჭი უყარა "ევროპული საქართველოს" ინიციატივით შემუშავებულ მაგნიტსკის სიის რეზოლუციასთან დაკავშირებულ შესწორებას, რომლითაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მიემხრო.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და ოთოხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას, რომელიც სანქციებს აწესებს დამნაშავეებზე და იმ პერსონებზე, რომლებიც ხელს აფარებენ ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევებს საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს,"- ნათქვამია ტექსტში.
ინიციატივა სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა.
“რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელია ტერიტორიაზე განვითარებულ სამართლებრივ საკითხებზე, მაგრამ ის სრულიად უმოქმედოა. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, მათი მძევლად ყოფნა, მათი ოჯახებისთვის გამოსასყიდის მოთხოვნა ყოველდღიურ ბიზნესად იქცა.
"უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა და წამება ყოველ კვირას ხდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყოველგვარი გამოძიების, სამართლისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი მსხვერპლის სახელს ატარებს, არის სია მიზნობრივი სანქციებისთვის, მათ წინააღმდეგ ვინც კლავს, აწამებს და იტაცებს ადამიანებს ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისგების გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესწორება სრულად შეესაბამება ამ რეზოლუციის სულისკვეთებას,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.