ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას "კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმაურება. 8 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია დეპუტატებს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დაცვასა და სიძულვილის ენისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ისინი კომიტეტის თავმჯდომარეს უმოქმედობისთვის მკაცრად აკრიტიკებენ.
რამდენიმე დღის წინ ხმაური სხდომაზე ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას მოჰყვა, რომელიც საჯარო სივრცეში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის ტარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.
საკუთარი უკმაყოფილება მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირტაგი ასადოვმა აზერბაიჯანულ ენაზე გამოთქვა, რასაც თავის მხრივ, კვიციანის გაღიზიანება მოჰყვა.
„მოვუწოდეთ სოფიო კილაძესაც და ემზარ კვიციანსაც, თავი შეეკავებინა ამგვარი სიძულვილის ენის გამოყენებისგან, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარისგან ჩვენ მივიღეთ მხოლოდ ის, რომ შენიშვნა მისცა დეპუტატს,“- ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მკვლევარი, თეონა ფირალიშვილი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, რომ კომიტეტის სხდომაზე უბრალოდ კამათი მოჰყვა კონკრეტულ საკითხებს. ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ მისგან შეფასებების გაკეთება არაკორექტული იქნება.