მსოფლიო ყურადღების ცენტრში ვენესუელაა, სადაც ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. დონალდ ტრამპი კი პირველი ლიდერი გახდა, რომელმაც 35 წლის გუაიდოს ვენესუელის ახალ პრეზიდენტად სცნო. თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი გამოიყენებს სრულ ეკონომიკურ და დიპლომატიურ წონას, ვენესუელაში დემოკრატიის აღსადგენად.
„დღეს მე ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ოფიციალურად ვცნობ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. გავაგრძელებ შეერთებული შტატების სრული ეკონომიკური და დიპლომატიური წონის გამოყენებას, ვენესუელის დემოკრატიის აღსადგენად. დაბეჯითებით მოვუწოდებთ დასავლეთ ნახევარსფეროს სხვა მთავრობებს, ცნონ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ საკონსტიტუციო ლეგიტიმურობის აღდგენისთვის მისი ძალისხმევის მხარდასაჭერად. ვაგრძელებთ მადუროს არალეგიტიმური რეჟიმისთვის უშუალო პასუხისმგებლობის დაკისრებას ნებისმიერი საშიშროებისთვის, რომელიც შესაძლოა შეუქმნას ვენესუელელი ხალხის უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. მაიკ პომპეოს უწყებამ აღნიშნა, რომ ცნობენ გუაიდოს პრეზიდენტობას და მხარს უჭერენ მის გადაწყვეტილებას.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრეზიდენტ გუაიდოს, რომელიც აყალიბებს გარდამავალ მთავრობას და უძღვება ვენესუელას, რადგან ქვეყანა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება,“ - ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.
ხუან გუაიდო, როგორც ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, უკვე აღიარეს ე.წ. ლიმას ჯგუფის ქვეყნებმა, რომლებიც 2017 წლის აგვისტოში ვენესუელის კრიზისიდან გამოსასვლელად გაერთიანდნენ. განცხადებები გუაიდოს მხარდასაჭერად კანადის, ბრაზილიის, კოლუმბიის და პერუს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს დავოსში გააკეთეს. გუაიდო დროებით პრეზიდენტად სცნეს ჩილემ და საფრანგეთმაც. თუმცა ვენესუელის მთავარმა მოკავშირემ რუსეთმა, მექსიკასთან, ბოლივიასა და კუბასთან ერთად, ხუან გუაიდო ვენესუელის ახალ პრეზიდენტად არ აღიარა.
ნიკოლას მადუროს პოლიტიკიდან ჩამოშორება ვენესუელის რუსული გავლენისგან გათავისუფლებას ნიშნავს.