„იუსტიციის საბჭომ იმსჯელოს ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე,“ - ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის შესახებ გააკეთა.
მეთოფიშვილმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, დეპუტატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრები მოსამართლეების მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. მან კონკრეტული სახელი და გვარები ახსენა, მათ შორის არის ეკა ბესელიაც და რეაგირებისკენ საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა.
ბესელიას თქმით, მეთოფიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და პოლიტიკურ პროცესში გადავიდა.
„მე მგონი დროა, მეთოფიშვილთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარებისთვის დრო არ დავკარგოთ და იუსტიციის საბჭომ იმსჯელოს ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გაიხადა მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია. ამიტომ, მე მივმართავ იუსტიციის საბჭოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად კონსტიტუციას გადააბიჯა და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ ადამიანზე, ამიტომ მე ნუ დამაკარგვინებთ დროს მეთოფიშვილის გამონათქვამებზე რომ სერიოზულად ვიფიქრო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.