„პროცესი ძალიან ჯანსაღი და მგონი, რომ არის ძალიან კარგი,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ქანთარია შეხვედრით კმაყოფილია და ამბობს, რომ ჯანსაღი და შინაარსიანი მსჯელობა გაიმართა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ხვალ გაგრძელდება.
„ერთი რამე უდავოა, მივიდეთ ერთ პოზიციაზე. გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს. ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით იმაში, რომ ისეთი მოსამართლეები გავიდნენ, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების ნდობას,“ - ამბობს ქანთარია.
ქანთარიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებები მოსალოდნელია. დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო ცვლილებებიც განხორციელდეს.
„ვამბობ, რომ ცვლილებები აუცილებელია, ამის მოლოდინია, მაგრამ კონკრეტულად, პრემიერი იქნება ეს ვინ და როგორი, არ მგონია, რომ ეს ახლა იყოს, ამ ეტაპისთვის იყოს. თვითონ შიგნით ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცვლილებები იქნება, ვფიქრობ, ჯერ ამაზე არ ყოფილა საუბარი, მე ჩემს შეგრძნებას გეუბნებით,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
"ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.