26 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს

ხმაურიანი საქმე, რომელზეც საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს - გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს. ძალადობაში ბრალდებულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს აღკვეთი ღონისძიება უნდა შეეფარდოს. პროკურატურა მის გათავისუფლებას 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც შუამდგომლობაში წერია, გეგა გეგეშიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე პროკურატურის მოთხოვნას 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების ნაწილში დააკმაყოფილებს, თუმცა გეგეშიძეს მას შემდეგ გაათავისუფლებენ, რაც გირაოს თანხას დაფარავს. 

საქალაქო სასამართლოში შეკრებილები არიან გეგეშიძის მეგობრები და ჭიდაობის ფედერაციის წევრები. ისინი გეგა გეგეშიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრების წევრები იქამდე არ გააგრძელებენ ვარჯიშს, სანამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს არ გაათავისუფლებენ.

„ყველამ კარგად დაინახა და აღნიშნა თითოეული მომენტი იქ, რაც ხდებოდა ხალიჩაზე. თუ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, შეხლა-შემოხლა, თუ როგორ გააგრძელა, თუ როგორ მოახდინეს ამის შემდგომ პროვოცირება. ყველამ კარგად დაინახა ეს ყველაფერი და იმედია, ყველაფერს კარგად დაინახავენ ჩვენი სამართალდამცველები, ვინც რა საჭიროა, იმას მიიღებს,“ - განაცხადა ჭაბუკთა ნაკრების მოქმედმა მწვრთნელმა, გია იანტბელიძემ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი ამბობს, რომ სანამ გეგეშიძეს ფედერაციაში არ დააბრუნებენ, ნაკრების წევრები ვარჯიშს არ გააგრძელებენ.

„ერთადერთი კარგი გადაწყევტილება იქნება, რომ გეგა დააბრუნონ ფედერაციაში და მიხედოს თავის საქმეს. ვარჯიში არ გაუგრძელებიათ და არც აპირებენ ისინი გაგრძელებას, თუ ისე არ მოხდება, როგორც მე გითხარით,“ - აცხადებს ნუგზარ სხირელი.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების თქმით, გეგა გეგეშიძე ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, რადგან მისი მხრიდან 11 იანვარს სპორტის სასახლეში ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

გეგა გეგეშიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლს ედავებიან, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთი წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

დღის ამბები