უკვე სამი საათია, "რუსთავი 2"-ის ეგიდით მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეხვედრის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებზე მსჯელობენ. საუბარი ასევე ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდს და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე.
შეკრებილები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ხელისუფლება აიძულოს ოპოზიციამ და მესამე სექტორმა, რომ 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
დღესვე ისაუბრეს ხელისუფლებს ინიციატივაზე, რომელიც ცილისწამებას ეხება. მრგვალი მაგიდის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას განახორციელებს, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდება, რაც დემოკრატიას დააზიანებს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებს თუ კიდევ დაემატება რაიმე, აღნიშნული პოლიტიკური ცენზურის ფორმას მიიღებს.
„თუ ამ მიმართულებით რამე იცვლება, ეს უნდა იყოს საერთო პოლიტიკური კონსენსუსი შედეგი. ეს არის პრაქტიკულად კონსტიტუციის მიღების ტოლფასი, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ტოლფასი გადაწყვეტილებაა, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორიც არ უნდა იყოს შეზღუდვის კონტენტი, მათ შორის, ლეგიტიმური, მათ შორის, ძალიან ფრთხილი და დაბალანსებულიც, არ არის საქართველოში მთავარი ამ შეზღუდვის იმპლემენტატორის ნდობა, მისი თავისუფლება და მისი კვალიფიკაცია. ამიტომ, ნებისმიერი შეზღუდვა, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც მიგვაჩნია, რომ სავსებით საკმარისია, დღევანდელი კანონით მოცემული შეზღუდვებისა, ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, მაღალი ალბათობით, საქართველოში მიიღებს პოლიტიკური ცენზურის ფორმას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ხელისუფლების ინიციატივა მიუღებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილისთვის. მისი თქმით, აღნიშნული იდეა განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში არსებულ სტანდარტს დააზიანებს.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში ამ მიმართულებით რაიმეს გამკაცრება და საკანონმდებლო ცვლილებები დააზიანებს იმ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ვინაიდან, ჩვენი კანონმდებლობა ძალიან კარგად პოულობს ბალანსს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ, ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას შორის,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
მრგვალი მაგიდაში 70-მდე ადამიანი მონაწილეობს, თუმცა შეხვედრას მიწვევის მიუხედავად არ ესწრება მმართველი პარტია.