2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს - „რუსთავი 2“-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ.
ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ერთიანი ძალებით საერთო სტრატეგია უნდა შეიმუშაონ და მმართველი პარტია ხელისუფლებას ჩამოაშორონ.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყნის დემოკრატიას ემუქრება საფრთხე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ ეს საპრეზიდენტო არჩევნებიც არ არის, ორი საკითხი არის მთავარი, რა მოსდის საქართველოს დემოკრატიას, საით მიდის ჩვენი სახელმწიფო და რით არის დაავადებული საქართველოს დემოკრატია, თუ საერთოდ დაგვრჩა დემოკრატია და მეორე, როგორ აისახება ეს ყველაფერი, რაც მოხდა 2018 წელს საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც არ უნდა იყოს ის,“ - განაცხადა ვაშაძემ.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის კოორდინაცია აუცილებელია.
„ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას შესთავაზეს, რომ კიდევ 4 წელი მომაპარინეთ, მაქურდინეთ, მაგლეჯინეთ ეს ქვეყანა, იყოს ჭაობი, იყოს გაუტანლობა და კიდევ 4 წელი ჩვენ ვიქნებით. ეს არის დამოკიდებულება, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას. ამის საპირწონედ, ამ არჩევნებმა, გარდა იმისა, რაც დავინახეთ, რომ ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, დაგვანახეს ის, რომ საჭიროა გარკვეული კოორდინაცია იმისთვის, რომ მილიონზე მეტი ხმა დაგროვდეს, მილიონზე მეტმა ადამიანმა ივანიშვილის რეჟიმს უთხრას არა,“ - თქვა უგულავამ
არსებული სიტუაციიდან გამოსავალს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში ხედავს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა.
„თუ ჩვენ გვსურს ქვეყანაში რეალურად ხელისუფლების ცვალებადობის საარჩევნო გზა იყოს დამკვიდრებული და ეს არის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა და განვითარების ერთ-ერთი მექანიზმი, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რომ დღეს ალტერნატივა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ნეიტრალური, ობიექტური საარჩევნო კომისიების ჩამოყალიბებას არ აქვს,“ - განაცხადა ქარდავამ.
„თავისუფალი დემოკრატები“ კი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, შეხვედრაზე გაახმოვანეს იდეა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნისთვის შეგროვდეს 200 ათასი ხმა.