19 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"არცერთ შემთხვევას უყურადღებოდ არ ვტოვებთ" - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ვითარებაზე

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის ჩაკეტვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ეხმაურება.

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ცხელი ხაზი ამოქმედებულია და უყურადღებოდ არცერთი ზარი არ რჩება.

უწყება მოუწოდებს ყველა ჩართულ პირს, რომ დროულად მოახდინონ პრობლემის აღმოფხვრა.

„ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ადამიანების გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის გადაადგილება, ჩვენ ვამოქმედებთ ცხელ ხაზს, ასევე ვმუშაობთ სხვა არხებითაც. ძალიან აქტიურად არიან ჩვენი პარტნიორები ჩართული იმაში, რომ ამ შეზღუდვების ფონზე იქნას შესაძლებელი გარკვეული ადამიანების გადაადგილება, არცერთ შემთხვევას ჩვენ უყურადღებოდ არ ვტოვებთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ საზღვრის ჩაკეტვის გამო, საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტების მარაგიც ამოიწურა. 

საოკუპაციო რეჟიმმა როკის გვირაბი და ენგურის ხიდი ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ამბობენ, რომ რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ. ისინი კორუფციულ ფაქტებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები მათ საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთათ 300 ლარს სთხოვენ.

ე.წ. საზღვარი ჩაკეტა ოკუპირებულმა ცხინვალმაც. მიზეზად კი გრიპის ვირუსი სახელდება. ადგილზე არსებული ვითარება კი, მოსახლეობის თქმით, კატასტროფულია. აფხაზეთი და ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

დღის ამბები