მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ამ წუთებში იწყება. მოსამართლეების საგანგებო შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების და მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დაინიშნა.
წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლეები სწორედ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ იმსჯელებენ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ბოლო პერიოდში სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე დაინიშნა.
მიქაუტაძის თქმით, აუცილებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
„ეს არის რიგგარეშე კონფერენცია, რომელიც მოწვეული იქნა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და სასამართლოსთან მიმართებაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კერძოდ ის, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის და რიგი არასამთავრობოების მხრიდან ადგილი აქვს რაღაც კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა გამოხატოს პოზიცია და თავის მოსაზრება დააფიქსიროს,“ - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
შეხვედრის დროს საკუთარი პროტესტის დაფიქსირებას გეგმავს მოსამართლე, ნინო სანდოძე.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
„მე თუ მომეცემა შესაძლებლობა, მე დავაფიქსირებ იმ პროტესტს, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოსამართლე, რომ დაუშვებელია ამდაგვარად განხორციელდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. მხედველობაში მაქვს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დისკრედიტაცია, მათ მიმართ არაეთიკური და სიძულვილის ენით ნათქვამი გამონათქვამები. ეს ყველაფერი ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლებას, საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა ნინო სანდოძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, იმედოვნებს, რომ მოსამართლეები საზოგადოების მხარეს იქნებიან და კვლავ არ დაუჭერენ მხარს ჩინჩალაძის კლანს.
„მოსამართლეებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ ეს კონფერენცია იმისთვის, რომ თქვან თავისი სიტყვა სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ეს არის ერთადერთი საკითხი დრის წესრიგში. დაველოდოთ, რას იტყვიან მოსამართლეები. მე მაქვს სურვილი, რომ ისინი დადგებიან ჩვენი მოქალაქეების მხარეს და კიდევ ერთხელ არ დაიცავენ ჩინჩალაძის კლანის ინტერესებს და თავად არ აღმოჩნდებიან, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანის ხელში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.