ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების გამო, ოპოზიცია ახსნა განმარტებას პრემიერისგან ითხოვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მამუკა ბახტაძეს პარლამენტში იბარებს.
ფრაქციის წევრი, თინა ბოკუჩავა, განმარტავს, რომ ახალი რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით. შეკითხვის ადრესატი კი ვალდებულია, შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.
ნაციონალური მოძრაობა მამუკა ბახტაძეს პარლამენტში 22 მარტს ელოდება.
„გასაგებია, რომ პრემიერი ბახტაძე არის ნომინალური პრემიერი, რადგან რეალურად ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი და ის დიდწილად ეყრდნობა შს მინისტრს, გიორგი გახარიას, რეჟიმის მართვისას. თუმცა, ამ ნომინალური უფლებამოსილების ფარგლებშიც პრემიერ ბახტაძეს აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უმაღლეს კანონს და ინტერპელაციის მექანიზმის მიხედვით, გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ველით საქართველოს პრემიერმინისტრს საქართველოს პარლამენტში 22 მარტს, რადგან ეს არის ის თარიღი, რომელსაც ემთხვევა პირველი ინტერპელაციის შესაძლებლობა საქართველოს პარლამეტის რეგლამენტის მიხედვით,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.