ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.
ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ინფორმაციაში წერია, რომ სავაჭრო პალატამ გამოფენაზე აფხაზური წარმოების პროდუქცია წარადგინა, გახსნას კი რუსეთის ელჩი სლოვაკეთში და რუსეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი დაესწრნენ.
ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს მარტივ რუსულ სქემასთან. მათი თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ საქართველოს ოკუპირებულმა რეგიონებმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გამოფენებში.
სპეციალისტების განმარტებით, ამ შემთხვევის უკან რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა დგას.
„დაახლოებით ორი წელია, რაც რუსული სისტემა მუშაობს იმ ჭრილში, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სავაჭრო პალატა ეხმარება ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო პალატას. ორგანიზებას აკეთებს ამა თუ იმ ქვეყნის ადგილობრივი მოქალაქე, რომელთანაც აფორმებენ ხელშეკრულებას გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, როდესაც სეპარატისტული რეგიონის, ოკუპირებული ტერიტორიის დროშა ფრიალებს სადღაც,“ - განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.
ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას გააქტიურებისკენ და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
„მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე მისვლა და განცხადების გაკეთება არ გვყოფნის. რუსები მუშაობენ ყველასთან - ბიზნესმენებთან, ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ შეკრებებთან, უხდიან ფულს ვიღაცებს, ჩვენ მხოლოდ ავდივართ საგარეო საქმეთა სამინისტროებში და განცხადებებს ვაკეთებთ. არ კმარა,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ.