სლოვაკეთში საერთაშორისო გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია. უწყებამ სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს განცხადება გაავრცელა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც განუმარტეს, რომ გამოფენა სლოვაკეთის მთავრობის მიერ არ არის ორგანიზებული და მისი ორგანიზატორია რუსი ეროვნების კერძო პირი და ის არის კომერციული ღონისძიება.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.
"2019 წლის 24-27 იანვარს ქ. ბრატისლავაში მდებარე საგამოფენო ცენტრ INCHEBA-ში მიმდინარე ტურისტულ გამოფენა ITF Slovakiatour 2019-სთან დაკავშირებით საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროსთან, სლოვაკეთის ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროსთან, აგრეთვე უშუალოდ საგამოფენო ცენტრთან.
"სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ნოტით, სლოვაკური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას. სლოვაკეთის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სლოვაკეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს ხსენებული გამოფენის ორგანიზებასთან. სლოვაკური მხარის თქმით, აღნიშნული გამოფენა არის კერძო კომპანიის მიერ ორგანიზებული კომერციული პროექტი, რომლის მფლობელიც არის ეროვნებით რუსი.
"სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სლოვაკეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი ან ოფიციალური პირი არ ეწვევა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენელთა სტენდს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.