მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციაზე ისაუბრეს. მოსამართლეები სიტყვით გამოსვლის დროს ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არანაირი კლანური მმართველობა სასამართლოში არ არის.
მოსამართლეებისგან განსხვავებული პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ.
მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მათი საუბარი შეახსენა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა, დისკუსიის შემდეგ წარედგინათ პარლამენტში სია.
„როცა გამოქვეყნდა ე.წ. სია, რამაც ახლა ეს სიტუაცია შექმნა, დასამალი არ მაქვს, მე ველოდებოდი, ადრეც გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, კანონმდებელმა გააკეთა ისე, რომ არ გაწერა ეს კრიტერიუმები კანონში. ამან გამოიწვია ეს აურზაური და ამას მე ველოდი, რომ ასე მოხდებოდა. ამიტომ, როდესაც მქონდა ისე შემხებლობა, პირადი საუბრები პარლამენტის წევრებთან, ვეუბნებოდი, რომ კიდეც გამიკვირდა, როცა წავიკითხე, რომ არ ეწერა შიგნით, თორემ თავის დროზე ჩართული არ ვყოფილვარ. როცა ვნახე, რომ არ ეწერა, ვუთხარი, რომ ეს პრობლემას შექმნიდა, ვიცოდი, რომ შექმნიდა. ახლა, როცა ეს სია გამოქვეყნდა, მართალი გითხრათ, მე პერსონალიებზე არავითარი პრეტენზია არ გამომითქვამს, მაგრამ ვთქვი, რომ ეს საზოგადოებაში აუცილებლად უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა და პირველი გამოვიდა 25-ში ჩემი განცხადება. ვიცი, რომ შეიძლება, ზოგიერთ თქვენგანს ეწყინა ეს, რომ რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. მაგრამ თუ თქვენ განცხადებას დააკვირდებით, იქ ყველაფერი იყო ნათქვამი კონსტრუქციულად. მართალია ეს კანონში არ ეწერა, ბატონო გიორგი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო შევკრებილიყავით და ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა იმ წესით მაინც, როგორც იყო პირველი და მეორე ინსტანციისთვის დადგენილი, ანუ ფორმალობები, პროცედურები რომ დაგვეცვა, ეს დღევანდელი შეკრებაც არ დაგვჭირდებოდა,“ - განაცხადა მზია თოდუამ.
მზია თოდუას განცხადება დარბაზშივე გააკრიტიკა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ყველანაირი პროცედურის დაცვით წარადგინეს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში გამსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სია.
„ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საბჭოს წევრებს უნდა გაგვემართა კონსულტაციები კონფერენციის ფარგლებში, მგონი, არ არის სწორი შეფასება და მოწოდება იმიტომ, რომ ახლაც პროექტი, რომელიც არის წარდგენილი სამუშაო ჯგუფში ჩვენი მხრიდან, ჩვენი მოსაზრება, როგორი მოდელი უნდა შეიქმნას უზენაეს სასამართლოს კანდიდატთა ნომინირებისთვის, იქაც ჩვენ ორიენტაცია აღებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების მოდელზე,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.