26 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
"ქვეყანას ჯერ არასდროს ჰქონია ასეთი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება" - მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე ოპონენტებს უპასუხეს

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე შეკრებილმა მოსამართლეებმა ყურადღება სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართულ თავდასხმაზე გაამახვილეს. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა არ არის.

მათი თქმით, ისინი ყველანაირად შეეცდებიან საკუთარი მანტიის დაცვას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, აცხადებს, რომ იყო მოწოდებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების გადადგომასთან დაკავშირებით. მიქაუტაძის თქმით, სოციალური ქსელების გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც გახლავთ კონსტიტუციური ორგანო, უნდა დაიშალოს - ასეთი იყო მოწოდებები თავიდან, შემდეგ გვესმოდა, რომ მხოლოდ ის წევრები უნდა გადადგნენ, რომლებმაც რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ დაუჭირეს მხარი, რომელიც გარკვეული ჯგუფისთვის იყო მიუღებელი. ხოლო ბოლოს მივიღეთ მოთხოვნა მოსამართლე წევრების გადადგომის თაობაზე. არის მცდელობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთგვარი დასჯა მოხდეს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მან მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და ამ ფაქტს ვერ უარყოფს ვერცერთი მათგანი. მედიასაშუალებების გამოყენებით და სოციალური ქსელების მეშვეობით, ყველაფერი კეთდება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

სასამართლოში კლანურ მმართველობას კატეგორიულად უარყოფს მოსამართლე ირაკლი კოპალიანი.

მისი შეფასებით, სასამართლო სისტემა ყველაზე დამოუკიდებელია და არცერთი პოლიტიკური პარტიის ნებას არ ემსახურება.  

„ვრცელდება აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, სასამართლო გახლავთ მორჩილი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ნების. უკვე რამდენი ხანია, ფაქტობრივად, ჯვარზეა გაკრული საბჭოს ყოფილი მდივანი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რეალურად 2013 წლიდან ის ჩაუდგა ამ ბრძოლას სათავეში, რასაც სასამართლოს დამოუკიდებლობა ჰქვია. ჩვენ დღეს შეგვიძლია, ღიად ვისაუბროთ და საზოგადოებას ვუთხრათ, ვართ ჩვენ კლანი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ თუ სხვა შინაარსის  დაკვეთებს თუ გვაქვს სხვა სურათი და რეალურად ვართ 300-მდე მოსამართლისგან შემდგარი გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი მიზანი და სურვილი - დამოუკიდებლად და ჩარევის გარეშე ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი. არის დღეს ქართული მართლმსაჯულება იარაღი ვინმეს ხელში, თუნდაც პოლიტიკური ხელისუფლების ხელში, თუ რეალური სურათი არის განსხვავებული და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანას ჯერ არასდროს ჰყოლია ასეთი დამოუკიდებელი და ძლიერი მოსამართლე და განვითარებული მართლმსაჯულება,“ - აცხადებს ირაკლი კოპალიანი.

დღევანდელ კონფერენციაზე არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. მოსამართლე ვეფხია ლომიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, 300 მოსამართლე ვინმეს უსიტყვოდ ემორჩილებოდეს.

„ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის საყურადღებოდ ვიტყვი, ამაოდ ცდილობენ ჩვენს შორის თანამოაზრეების მოძებნას. შეუძლებელია, რომ 300 მოსამართლე, მათ შორის, ნახევარზე მეტი უვადოდ დანიშნული იყოლიო უსიტყვო მორჩილებაში, ამისთვის არ შეიძლება, არსებობდეს რაიმე ბერკეტი ან მექანიზმი,“ - განაცხადა ვეფხია ლომიძემ.

დღის ამბები