სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გრძელდება სასტუმრო "რედისონთან", სადაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ. მესამე სექტორი ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობას აზრი იმ შემთხვევაში ექნება თუ თანამდებობას დატოვებს იუსტიციის საბჭოს ის 11 წევრი, რომელმაც მოსამართლეების ე.წ. შავ სიას მხარი დაუჭირა.
„სისტემიდან უნდა წავიდეს ის ხალხი, საბჭოს ის 11 წევრი, რომელმაც ხმა მისცა ლევან მურუსიძეს და რომელმაც მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას. არავინ არ საუბრობს სამასივე მოსამართლეზე, ამიტომ ეს უნდა იყოს ძალიან ნათლად განმარტებული. მხოლოდ ამ ხალხის გადადგომის შემდეგ არის შესაძლებელი, ჩვენ ვილაპარაკოთ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.
იუსტიციის საბჭოს წევრების გადადგომას მოითხოვს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანიც. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სანდო ადამიანებით.
„გვატყუებს ირაკლი კობახიძე, როდესაც გვეუბნება, რომ მხოლოდ კანონშია პრობლემა და კანონში ორი მუხლის ჩასწორებით პრობლემა გამოსწორდება. თუ არ შეიცვლება იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა და ეს ორგანო არ დაკომპლექტდება პატიოსანი ადამიანებით, რაც არ უნდა კარგი კანონი მიიღოს პარლამენტმა, ეს ხალხი მაინც მოახერხებს, რომ ჩინჩალაძის კლანი შეიყვანოს უკანა კარიდან,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი კი კლანურ მმართველობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პირები სასამართლოს სისტემას საერთოდ უნდა ჩამოსცილდნენ.
„პირველ რიგში, ამ კლანის სახეები ჩინჩალაძე და მურუსიძე უნდა იყვნენ მართლმსაჯულების გარეთ. არსებული კრიზისი შექმნა სწორედ ამ კლანმა და ხელისუფლებაში ამ კლანს აქვს დიდი მხარდაჭერა,“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრა ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმ,ა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.