დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ მათა მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს, მის ორგანიზატორებს მაფიოზები უწოდეს, ისინი კი საერთაშორისო დონორები არიან.
„ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანი არის დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა. თუ ვთქვათ, მათ ეს ფორმატი არ მოსწონდათ, ეს ფორმატი შეგახსენებთ, რომ არსებობს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ ფორმატის მონაწილე ყველა სუბიექტს, მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როცა თქვა, რომ თურმე მაფიოზური შეთანხმებით ჩამოყალიბდა ამ ჯგუფის ფორმატი და მისი მონაწილეები განისაზღვრა ასეთი შეთანხმებით,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს პრეტენზიები, ფორმატთან ერთად, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთანაც აქვთ. მათი თქმით, შეხვედრას ესწრებიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ე.წ. შავ სიაში იყვნენ. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ასეთი მონაწილე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ალანიაა.
„უვადოდ დანიშვნების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები დეპუტატების მხრიდან, ასევე არამოსამართლე წევრების მხრიდანაც, თუ ზუსტად მახსოვს. თუმცა რა ფორმატში, რა პროცედურის გაწერით ან რა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებით ფიქრობენ ისინი ამის გაკეთებას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მოსამართლეთა უკმაყოფილება იყო გამოხატული ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თამარ ალანიამ.