„პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ასეთი ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და გრძელდება მეშვიდე წელიწადია,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა. დეპუტატი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებას ეხმაურება.
რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს მასალის გავრცელების შემდეგ. გოცირიძის თქმით, ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს საკუთარი მიზნების შესაბამისად იყენებს.
„პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ასეთი ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და გრძელდება მეშვიდე წელიწადია. დაწყებული ჰაკიმ ფაშას ფირებით და შემდეგ ზოგიერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პირების, ჟურნალისტების თუ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გამომზეურება და შემდეგ განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე იძიებენ ამას დასავლელი სპეციალისტების მონაწილეობით, ვინაიდან თურმე ინტერნეტსივრცეში მსგავსი პრობლემების მოგვარება არცთუ ისე ადვილია. არავინ არაფერს არ იკვლევდა, ეს არის მათი ფარული და სარეზერვო ბინძური იარაღი, როდესაც სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, გამოაგდებენ ხოლმე ამ ჩანაწერებს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გუშინ ღამით გავრცელდა. ჭიჭინაძის შეფასებით, უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.