უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა - ეს არის ის მთავარი გამოწვევები, რაც საქართველოს მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად აწუხებს. ეს ჩამონათვალი ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტები NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურნენ.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო, ამ მიმართულებებით მაჩვენებელი წლიდან წლამდე უარესდება. თინა ბოკუჩავა კვლევის შედეგების ერთადერთ საიმედო ნაწილად მოსახლების დიდი ნაწილის პროევროპულობას თვლის.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად, ამიტომ წლიდან წლამდე მაჩვენებელი უარესდება. ერთი, რაც იმედის მომცემია ამ კვლევაში, ჩანს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის პროდასავლურად განწყობილი, სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიდეს პროფესიონალი ადამიანების გაერთიანება, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს წინ,“ -ამბობს თინა ბოკუჩავა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა, ეს მაჩვენებელი გაზრდილია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც.