ეკა ბესელია ლონდონიდან დაბრუნდა, თუმცა მან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა აეროპორტში უკომენტაროდ დატოვა. სავარაუდოდ, დღეს ბესელია მის თანაგუნდელებს შეხვდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილს თავადაც აქვთ კითხვები ეკა ბესელიასთან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თავად ეკა ბესელია კადრების გავრცელების შემდეგ აცხადებდა, რომ მას „ქართული ოცნებიდან“ ებრძვიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შეხვედრა, რათა გუნდმა ამ საკითხებზე იმსჯელოს.
„ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს არის ბრძოლის უზნეო მეთოდი. ეს ჰგავს ეშმაკის შუაში ჩაგდებას ურთიერთობის გაფუჭებისათვის. მე ვფიქრობ აქ ყველაზე მეტად იზარალა ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა. ჩვენ ვისმენთ უკვე მესამე დღეა ხელისუფლების ლანძღვას ამიტომ ამის დამკვეთი არის ის, ვინც ასეთ უზნეო ოპონირებას სწევს ხელისუფლებასთან, მმართველ გუნდთან, მსხვერპლთან თვითონ ვინც საკმაოდ დაზარალდა, ეს არის ეკა ბესელია,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ახალა ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ აკეთოს განცხადებები.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კადრები წინა ხელისუფლების დროს არის სავარაუდოდ გადაღებული.