19 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე, დარბაზიდან გაძევებული ბრალდებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე, დარბაზიდან გაძევებული ადვოკატი, მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ბექა ბასილაია ბადრი კოჭლამაზიშვილს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, მოსამართლე ბრალდების მხარის პროტესტის გარეშე ხსნიდა ადოკატების უმნიშვნელოვანეს კითხვებს და აუქმებდა დავის მხარის სასარგებლო პასუხებს. ბასილაიას შეფასებით მოსამართლის ქცევა მიუთითებს, რომ მას უკვე წინასწარ აქვს მითითებები მიღებული და განაჩენი არაობიექტური იქნება.

„მნიშვნელოვანი მოწმე, ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, მოწმე, რომელიც ისედაც პროკურორების წნეხის ქვეშაა, მოწმე, რომელიც ისედაც დამფრთხალი იძლეოდა ჩვენებებს, მოსამართლემ არ მისცა დაცვის მხარეს მოწმის ჯეროვანი დაკითხვის საშუალება. მოსამართლე იქცეოდა ისე, როგორ მოიქცეოდა დაინტერესებული პროკურორი, იმდაგვარად, რომ აუცილებლად ნებისმიერ ფასად დამდგარიყო მოცემულ საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. ყველაფერი ეს ჩვენ წარმოდგენას გვიქმნის ამ პროცესის რაობაზე. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს საქმე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში,“ - აცხადებს ბექა ბასილაია.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია ამბობს, რომ ამ საქმეში, როგორც მოსამართლე, ასევე პროკურორი მიკერძოებულია და მოწმეებს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ამ საქმის გარშემო ისაუბრონ.

„მიკერძოებულია, როგორც მოსამართლე ისევე პრკურორი. აბსოლუტურად შეთანხმებულად ერთმანეთში თამაშია და პლიუს ყველაზე რთული ამ სიტუაციაში რაც არის ის, რომ მოწმეებს არ ეძლევათ საშუალება თავიანთი აზრი გამოთქვან, არ ეძლევათ საშუალება ისაუბრონ ამ საქმის გარშემო,“ - განაცხადა თეიმურაზ ჯანაშიამ.

 

დღის ამბები