გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის ელჩს ბატონ პასკალ მენიეს და პოლონეთის ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
გრიგოლ ვაშაძემ ელჩებს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე მიაწოდა. აგრეთვე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტებზე.
„საქართველოს გაუჩნდა კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის დავით კირკიტაძე და იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ერთი ხელის მოსმით ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის ზონდერებს, ადამიანი რომელიც პოლიტიკური აქტივობით არის დაკავებული და რომელიც იმას აპროტესტებდა, რომ მას კონსტიტუციური უფლებები შეუზღუდეს - ის ციხეში არის. მეორე ძალიან სერიოზული საკითხი არის ის, რომ რუსეთმა განაახლა ბორდერიზაცია და გადმოწია ისევ საოკუპაციო ხაზი, ისევ გახლიჩა შუაზე სოფელი, პირდაპირ ეზოში გაუვლო მავთულ ხლართი საქართველოს მოქალაქეს და გაუგებარი არის რატომ არის ამაზე ჩუმად ე.წ. ხელისუფლება, და რატომ სასწრაფოს არ ატარებს კონსულტაციებს იმისათვის, რომ როგორც ეს პრაქტიკაში გვქონდა ჩვენ, ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა შეერთებულმა შტატებმა, ევროპის კავშირის წამყვანმა ქვეყნებმა, ევროპის კავშირმა, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენმა მოკავშირეებმა შესაბამისი განცხადებები გავაკეთოთ. როგორც კი რუსეთზე იხსნება საგარეო პოლიტიკური წნეხი, რუსეთი იმ წუთასვე ანახლებს ბორდერიზაციას. ახლა ამას არავითარი ოქსფორდის განათლება არ სჭირდება, 2008 წლიდან ყოველმა გავლილმა წელიწადმა, თვემ და დღემ გვაჩვენა ეს,"-განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ ასევე ისაუბრა დავით კირკიტაძის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე.
"რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, გვინდა და ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოკავშირეები ზუსტად იყვნენ საქმის კურსში ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ და ზუსტად იცოდნენ რატომ ვაგროვებთ ხელმოწერებს და რატომ სჭირდება საქართველოს სასწრაფოდ მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.