თემქაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გუშინ სავარაუდოდ CO-ს გაჟონვის შედეგად ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის ორი მოზარდი მოიწამლა, გაზის მიწოდება შეწყვეტილი იყო. ამის დამადასტურებელი ოქმი, "კურიერმა" მოიპოვა.
ოქმში წერია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა. მიზეზი კი ბუნებრივი აირის დარღვევებით მოხმარება გახდა.
ოქმის მიხედვით, მოქალაქეებს ჩაუტარდათ ზეპირი ინსტრუქტაჟი, გაჟონვის ფაქტი საცხოვრებელ ბინაში არ დაფიქსირებულა.
ოქმის გაცნობის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ მოქალაქეებმა საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებურად აღადგინეს.
ოჯახი კი უარყოფს, რომ მათ გაზის მილი როდესმე დაულუქეს. მზევინარ ბერვენაშვილი ამბობს, რომ შემოწმებისას კომპანიის წარმომადგენელმა ერთადერთი რეკომენდაცია მისცა და ურჩია, რომ წყლის გამაცხელებელი სამზარეულოდან გარეთ გაეტანათ.
CO-თი მოწამლული ექვსივე ადამიანიდან ხუთი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. ორმა მოზარდმა საავადმყოფო გუშინ, დანარჩენებმა კი სამედიცინო დაწესებულება დღეს დატოვეს.
ერთი ოჯახის 6 წევრი ღამით, სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლიდან ნამწვის დაგროვების შედეგად მოიწამლა. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.