რუსეთის საპატრიარქოს მუქარას ქართველი თეოლოგები ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ რუსი სასულიერო პირები ღია შანტაჟზე გადავიდნენ.
საქმე ეხება, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებას, რომელსაც წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს.
მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას კარგად ესმის საეკლესიო რეალობა და იცის, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.
ალფეევმა კომენტარი ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე გააკეთა, რომლის თქმითაც, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა ცნოს. ქართველი თეოლოგები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ეკლესიამ რუსეთიდან მომდინარე ამ თავხედურ განცხადებებს უნდა უპასუხოს.
„ეს არის მუქარა. თანასწორი და თანაბარი ეკლესიები ერთმანეთს ამგვარი ტონით არ უნდა ესაუბრებოდნენ. თუ ჩვენ ამგვარ განცხადებას გადავიტანთ პოლიტიკურ სფეროში ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს პროტესტის ნოტას გაუგზავნიდა.
მე არ ვიცი, ხვალ ან ზეგ საქართველო საპატრიარქო რა განცხადებას გააკეთებს ამ თავხედური, უზრდელური განცხადების გამო, მაგრამ აუცილებელია გაკეთდეს განცხადება, თუ რას ნიშნავს ერს მუქარის ტონი, როცა ორი თანაბარი ეკლესიიდან ერთი მეორეს ემუქრება. სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება ამ ტონთან მიმართებაში და იმ შინაარსთან მიმართებაში რაც მან თქვა ამ განცხადების დროს - რა გვემუქრება ჩვენ თუ დავდგებით სიმართლის მხარეზე და დავუჭერთ მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას,“-ამბობს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა კი ფიქრობს, რომ საპატრიარქო ცდილობს სინოდი შულავერის კომიტეტად აქციოს. მირცხულავას განცხადებით, რუსეთი ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
„დღეს არის მცდელობა, რომ საპატრიარქომ სინოდი აქციოს შულავერის კომიტეტად,რომელიც თავის იდეოლოგიური მრწამსით სრულად უნისონში მოდის რუსეთის ინტერესებთან. თუმცა მას კიდევ აქვს არჩევანი რა გზით წავიდეს,“-ამბობს მირცხულვა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მომდინარე ეს განცხადება მიმართულია არა ეკლესიის ან ხელისუფლების მისამართით, არამედ გამიზნულია საზოგადოების დასაშანტაჟებლად და ახლა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს წამოეგება თუ არა ამ შანტაჟს.