ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის განმავლობაში კორპუსი მთლიანად ევაკუირებული იყო.
ბინა, სადაც ტრაგედია მოხდა, ამ დროისთვის დალუქულია. ტრაგედიის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, მილში ნამწვის დაგროვება სახელდება. მასში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი. არ გამოირიცხება ის ჩიტის ბუდე იყოს, რამაც გაზის ნამწვის გატარებას ხელი შეუშალა.
მეზობლები ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე გაზის გამათბობელთან დაკავშირებით ორჯერ იყო გაფრთხილებული.
„CO-ს დაგროვება, როგორც ჩვენ გვითხრეს. „კალონკიდან“ დაგროვდა. ორჯერ ჰქონიათ გაფრთხილება და მესამედ ეს ამბავი მოხდა. ევაკუაცია იყო თვითონ კორპუსში, „პადიეზდში“ თვითონ და როგორც კი დასრულდა, უკვე შემოგვიშვეს შიგნითაც,“ - ამბობს ადგილობრივი.
მომხდარი ტრაგედიების გამო დარგის სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე. ენერგეტიკოსი, გია არაბიძე ამბობს, რომ კანონმდებლობის შემუშავების გარდა აუცილებელია, ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერებაც.
„სახელმწიფომ და ვისაც ხელეწიფება რეგულაციების კანონმდებლობა მოამზადოს სპეციალისტებთან ერთად. შემდგომ გადამზადება მოხდეს ენერგოკომპანიების თანამშრომლების, ხოლო მასმედიამ ინტენსიურად იმუშაონ,“ - ამბობს გია არაბიძე.
ქეთევან წამებულის ქუჩაზე გუშინ გარდაცვლილი შვიდივე მამაკაცი თბილისში რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსული. ისინი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.
გარდაცვლილებს შორის არიან მამა-შვილი, ასევე ძმები. ერთი გარდაცვლილი კი 19 წლისაა. ისინი უკვე გადაასვენეს გორში, ასპინძაში, რუსთავსა და ზესტაფონში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შემდეგ გამოკითხეს, როგორც ბინის მეპატრონე, ასევე, "ყაზტრანსგაზის" თანაშრომლები და მეზობლები. დაწყებულია გამოძიება, გამოკითხვები სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი