17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
"ადამიანები, რომლებიც 15 წელი აზიანებდნენ მართლმსაჯულების სისტემას, უნდა გადადგნენ"-კახა კოჟორიძე მოსამართლეებზე საუბრობს

სასამართლოს სისტემაში შექმნილ კრიზისსა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გამო დაწყებულ დაპირისპირებაზე ადვოკატებმა დისკუსიას მართავენ.

ადვოკატის კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოსავალი ამ პრობლემიდან არის მართლმსაჯულების სისტემიდან იმ მოსამართლეების ჩამოშორება, რომლებიც წლებია ანგრევენ მას.

„ის ადამიანები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და აზიანებდნენ მართლმსაჯულების სისტემას უნდა გადადგნენ თანამდებობიდან. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ და გავიაზროთ, რომ 15 წელი იმდენი მტკიცებულება დადეს ამ ადამიანებმა რომ მართლმსაჯულების სისტემის საზიანოდ მოქმედებენ, რომ უკვე უნდა ვთქვათ, რომ საკმარისია,“-განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.

შეხვედრას ესწრება ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც. მისი თქმით სისტემის რეფორმაში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ადვოკატთა კორპუსიც.

„მაქსიმალურად ჩართულობა უნდა იყოს ადვოკატების. უნდა ვიყოთ თანაბარ მდგომარეობაში როგორც მართლმსაჯულებაში მონაწილე მხარე. უნდა იყოს გამოყოფილი კვოტა  ადვოკატებისთვის და სასტიკად და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსამართლების უვადოდ დანიშვნას რადგან ეს არსებითი ხარვეზი იქნება მართლმსაჯულების,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

იურისტები ამბობენ, რომ უზენაეს სასამართლოში არის ღრმა კრიზისი. ადვოკატები აცხადებენ, რომ დღევანდელი დღის ბოლოს მოხდება რეზოლუციის მიღება. რომელიც იქნება საკმაოდ კრიტიკული სასამართლო სისტემის მიმართ. 

დღის ამბები