გასამართლდეს ბიძინა ივანიშვილი - ამ მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთან. აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ფარული ჩანაწერების გასაჯაროების პირველწყარო და მისი მიზანი უკანონო მეთოდებით უკვე საკუთარი თანაგუნდელების მორალური განადგურებაა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში გახარიას უწყებამ დააკავა, სისტემის მსხვერპლი არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
„ჩვენ ველოდებით დემოკრატიას, მაგრამ მივიღეთ პორნოკრატია. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ პორნოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ აქ მოვიტანეთ 157-ე პრიმა მუხლი ბრალად, რომელიც ჩვენ დღეს წავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება ეს იყოს იმიტირებული ბრალი, მაგრამ აუცილებლად, უახლოეს პერიოდში, უახლოეს თვეებში ეს ბრალი ქართულ სასამართლოში, თავისუფალ სასამართლოში აუცილებლად წაეყენება ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ ეს ბრალი, არამედ ბიძინა ივანიშვილს წაეყენება ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩადენილი აქვს მას ქართველი ხალხის წინაშე,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ვეტერანთა ორგანიზაცია "ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელი, ვეფხია ქათამაძე კადრების გავრცელებას ბიძნა ივანიშვილს უკავშირებს.
„არ შეიძლება ქვეყანაში ისჯდებოდეს მეომრები, ვიღაცის კადრების გამო. დღეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე არაფერი არ ხდება ქვეყანაში,“ - განაცხადა ვეფხია ქათამაძემ.