გენერალური პროკურატურასთან, სადაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძეს შეხვდა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მივიდნენ.
გიგი უგულვას თქმით, ვიდრე ზაზა სარალიძეს ყველა კითხვაზე პასუხი არ ექნება, არ დაისჯება მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი და ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა, ეს უკიდურესად მძიმე პროტესტი გაგრძელდება და საბოლოოდ ხელისუფლებას გადაიყოლებს.
„თადუმაძე ახლა ამ კაბინეტში უბრალოდ დევს, ის არ არის მთავარი პროკურორი. მისი ყველა მოადგილე ადგილზეა, ყველა ამ დანაშაულში ჩართული პირი ადგილზეა. დღეს, რეალურად ორი პროკურორი გვყავს, ერთი არაფორმალური პროკურორი ირაკლი შოთაძის სახით და მეორე თადუმაძე, რომელიც საქორწილო გენერალივით ზის თავის კაბინეტში. ერთადერთ რამეს ითხოვს ეს კაცი, რომ ყველა ადამიანი ვინც მონაწილე იყო, თავისი პროპორციით, იმ კვალიფიკაციით, მაგრამ დაერქვას- მონაწილე იყო, მკვლელი იყო,ხელები დაუკავა მოკლულს თუ რა ქნა ეს უნდა გაირკვეს და დაერქვას ყველაფერს თავის სახელი.
"აქ აღარაა უკვე ადამიანის ციხეში გაშვებაზე,. აქ საუბარია იმაზე, რომ დაერქვას ყველაფერს თავის სახელი, რაც მოხდა, სანამ ეს არ მოხდება ეს თემა არ დაიხურება, ეს თემა ეკიდება დამოკლეს მახვილივით ამ ხელისუფლებას და გადაიყოლებს,“-ამბობს გიგი უგულავა.